ფსიქოლოგია არის გონებისა და ქცევის სამეცნიერო შესწავლა, ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის მიხედვით. ფსიქოლოგია მრავალმხრივ დისციპლინას წარმოადგენს და მოიცავს კვლევის მრავალ მიმართულებას, როგორიცაა ადამიანის განვითარება, სპორტი, ჯანმრთელობა, კლინიკური, სოციალური ქცევა და კოგნიტური პროცესები.
ფსიქოლოგია ახალი სამეცნიერო დარგია, რომლის ძირითად განვითარებასაც ბოლო 150 წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი. თუმცა მისი ფესვები ძველ საბერძნეთში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 400–500 წლებში უნდა ვეძებოთ.
თავდაპირველი მიდგომა ფილოსოფიური იყო. გამოჩენილი მოაზროვნეები, როგორიც იყვნენ სოკრატე (ძვ.წ. 470–399), პლატონი (ძვ.წ. 428/427–348/347) და მოგვიანებით არისტოტელე (ძვ.წ. 384–322), მსჯელობდნენ თემებზე, რომლებზეც ახლა თანამედროვე ფსიქოლოგია ახდენს კონცენტრაციას.
ფილოსოფოსები ხშირად განიხილავდნენ მრავალ თემას, რომელსაც თანამედროვე ფსიქოლოგია დღეს სწავლობს, როგორიცაა მეხსიერება, თავისუფალი ნება vs. დეტერმინიზმი, ბუნება vs. აღზრდა, მიზიდულობა და სხვა.
ფსიქოლოგია ფართო და მრავალმხრივი სფეროა. დროთა განმავლობაში, როგორც კი ჩვენი გაგება ადამიანის გონებისა და ქცევის შესახებ გაფართოვდა, გაჩნდა ფსიქოლოგიის სხვადასხვა სპეციალიზებული დარგი, როგორებიცაა კლინიკური ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია და განვითარების ფსიქოლოგია.
ფსიქოლოგიის დასაწყისი როგორც დისციპლინა
ფსიქოლოგიის ადრეულ ეტაპებზე ორი გამოკვეთილი თეორიული პერსპექტივა არსებობდა ტვინის მუშაობის ახსნის მიზნით: სტრუქტურალიზმი და ფუნქციონალიზმი.
სტრუქტურალიზმი ვილჰელმ ვუნდის (1832–1920) მიერ მიჩნეული კონცეპცია იყო, რომელიც მიზნად ისახავდა მენტალური პროცესების ყველაზე მარტივ კომპონენტებად დაშლას. ტერმინი წარმოიშვა ედვარდ ტიტჩენერისგან, ამერიკელი ფსიქოლოგისგან, რომელიც ვუნდტთან იყო მომზადებული. ვუნდტი განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან მან ფსიქოლოგია გამოჰყო ფილოსოფიისგან და გონების შესწავლა უფრო სტრუქტურულ და ობიექტურ საფუძველზე ჩამოაყალიბა.
სტრუქტურალიზმი ემყარებოდა მომზადებულ ინტროსპექციას – კვლევით მეთოდს, რომლის დროსაც მონაწილეები აღწერდნენ, რა პროცესები მიმდინარეობდა მათ გონებაში ამა თუ იმ დავალების შესრულებისას. თუმცა, ინტროსპექციამ ვერ გაამართლა, რადგან ადამიანთა გამოცდილება და მონათხრობი ზედმეტად განსხვავებული იყო, რის გამოც არასტაბილური შედეგები მიიღებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ინტროსპექციამ თავს ვერ გაამართლა, ვუნდტი ფსიქოლოგიის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება, რადგან მან 1879 წელს გახსნა ფსიქოლოგიის პირველ ლაბორატორია, რომლის დაფუძნებაც ხშირად თანამედროვე ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის დასაბამად მიიჩნევა.
ამერიკელმა ფსიქოლოგმა უილიამ ჯეიმსმა (1842–1910) შეიმუშავა მიდგომა, რომელიც ფუნქციონალიზმის სახელით გახდა ცნობილი და რომელიც არ ეთანხმებოდა სტრუქტურალიზმის ყურადღების ფოკუსს. ჯეიმსის აზრით, გონება მუდმივად იცვლება, ამიტომ უაზრობაა თვალი ვადევნოთ შეგნების სტრუქტურას. მან შესთავაზა, რომ უფრო მნიშვნელოვანი იყო გაგვერკვია, როგორ და რატომ მოქმედებს ორგანიზმი – ანუ ტვინის ფუნქციები და დანიშნულება. ჯეიმსის მოსაზრებით, ფსიქოლოგებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ქცევის საფუძვლებსა და იმ მენტალურ პროცესებზე, რომლებიც მას განაპირობებს. დღევანდელ ფსიქოლოგიაშიც შესამჩნევია გავლენა, რომელსაც ეს მეთოდი ახდენს ქცევის მიზეზებსა და შედეგებზე.
ფსიქოლოგიის პერსპექტივები
სტრუქტურალიზმი და ფუნქციონალიზმი დროთა განმავლობაში ჩანაცვლდნენ რამდენიმე გამორჩეული და გავლენიანი მიმართულებით ფსიქოლოგიაში. თითოეული მათგანი იზიარებს საერთო თვალსაზრისს იმაზე, თუ როგორები არიან ადამიანები, რა არის მნიშვნელოვანი შესასწავლად და როგორ უნდა შევისწავლოთ ეს საკითხები.
ბიჰევიორისტული პერსპექტივა
ბიჰევიორისტულმა მიდგომამ სათავე აიღო დაახლოებით 1910–1920-იან წლებში ჯონ ბროდუს ვოტსონის ნაშრომებიდან, ხოლო შემდგომ ფართო აღიარება მოიპოვა ბ. ფ. სკინერის გამოკვლევებით 1930–1940-იან წლებში. ეს პერსპექტივა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს უშუალოდ დასაკვირვებელ ქცევას და გარემოს გავლენას მის ფორმირებაზე.
ფსიქოდინამიკური პერსპექტივა
ფსიქოდინამიკური მიდგომა წარმოიშვა XX საუკუნის დასაწყისში ზიგმუნდ ფროიდის (1856–1939) ნაშრომებით, სადაც ცენტრალური როლი ენიჭებოდა არაცნობიერ პროცესებსა და ადრეულ გამოცდილებას. ფროიდის ფსიქოანალიზი იყო ორიგინალი ფსიქოდინამიკური თეორია, მაგრამ ფსიქოდინამიკურ მიმდინარეობაში ერთიანდებიან ყველა თეორია, რომლებიც მის იდეებს ემყარება, მათ შორის იუნგი (1964), ადლერი (1927) და ერიქსონი (1950).
ჰუმანისტური პერსპექტივა
ჰუმანისტური მიდგომა შეიქმნა 1950–1960-იან წლებში, როგორც პასუხი ბიჰევიორიზმსა და ფსიქოანალიზზე. კარლ როჯერსი და აბრაჰამ მასლო მნიშველოვანი ფიგურები არიან ამ მიმდინარეობაში, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უნიკალურ ბუნებასა და შესაძლო პიროვნულ ზრდაზე.
კოგნიტური პერსპექტივა
კოგნიტური მიმდინარეობა გახდა აქტუალური 1950–1960-იან წლებში, როგორც რეაქცია ბიჰევიორიზმზე. მისი მთავარი წარმომადგენლები არიან ჟან პიაჟე და აარონ ბეკი. ეს პერსპექტივა აქცენტს აკეთებს გონებრივ პროცესებზე, როგორებიცაა აზროვნება, აღქმა, მეხსიერება და სწავლა.
ბიოლოგიური პერსპექტივა
მიუხედავად იმისა, რომ ფიზიოლოგიური ფსიქოლოგია ჯერ კიდევ ფსიქოლოგიის ადრეულ ექსპერიმენტულ ეტაპს უკავშირდება, უფრო ინტეგრირებულმა ბიოლოგიურმა/ნეირომეცნიერულმა პერსპექტივამ, რომელიც გენეტიკასა და ტვინის სტრუქტურებზე ამახვილებს ყურადღებას, განსაკუთრებული ყურადღება ჰპოვა XX საუკუნის მეორე ნახევარში.
ევოლუციური პერსპექტივა
მიუხედავად იმისა, რომ ჩარლზ დარვინის ევოლუციური თეორია XIX საუკუნეს განეკუთვნება, მისი გამოყენება ფსიქოლოგიაში, „ევოლუციური ფსიქოლოგიის“ სახელით, პოპულარული გახდა 1980–1990-იან წლებში. ეს მიდგომა განმარტავს ქცევებს ევოლუციური ადაპტაციის ჭრილში.
სოციოკულტურული პერსპექტივა
სოციოკულტურული მიდგომა ფართოდ გავრცელდა XX საუკუნის მეორე ნახევარში. იგი ამახვილებს ყურადღებას სოციალურ ურთიერთობებზე, კულტურულ პრაქტიკებსა და გარემო კონტექსტებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ინდივიდის ქცევასა და კოგნიტურ პროცესებს.
ეკოლოგიური სისტემების პერსპექტივა
ეკოლოგიური სისტემების მიდგომა ური ბრონფენბრენერმა 1970-იან წლებში შეიმუშავა. იგი შეისწავლის ადამიანის განვითარებას მრავალშრიანი გავლენების გათვალისწინებით, დაწყებული უშუალო ოჯახური გარემოდან, დამთავრებული ფართო სოციალური სისტემებით.
ფსიქოლოგიის მიზნები
ფსიქოლოგიის ოთხი ძირითადი მიზანია: აღწერა, ახსნა, პროგნოზირება და შეცვლა (ან კონტროლი) ქცევისა და მენტალური პროცესების.
აღწერა
როგორც წესი, ფსიქოლოგიის პირველი მიზანია ქცევის ან კოგნიციის აღწერა. ეს საშუალებას აძლევს მკვლევრებს შეიმუშავონ ზოგადი კანონები ადამიანურ ქცევაზე. მაგალითად, ძაღლების რეაქციების აღწერით სხვადასხვა სტიმულზე, ივან პავლოვმა შეიმუშავა სწავლის კანონები, ცნობილი როგორც კლასიკური პირობითობა.
ახსნა
მას შემდეგ, რაც მკვლევრები აღწერენ ქცევასა თუ ზოგად კანონზომიერებებს, მომდევნო ნაბიჯია ახსნა, თუ რატომ ან როგორ ხდება ეს ტენდენცია. ფსიქოლოგები სთავაზობენ თეორიებს, რომლებიც ხსნიან ქცევებს.
პროგნოზირება
ფსიქოლოგია ისწრაფვის იმისა, რომ ემპირიული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეძლოს ქცევის პროგნოზირება. თუ პროგნოზი არ დადასტურდა, შესაძლოა შესაბამისი თეორია გადასინჯვას საჭიროებდეს. მაგალითად, კლასიკური პირობითობის მიხედვით, თუ ინდივიდი უკავშირებს უარყოფით შედეგს კონკრეტულ სტიმულს, შეიძლება განვითარდეს ფობია ან ისეთ სტიმულზე უარყოფითი რეაგირება.
შეცვლა
მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგია აღწერს, ხსნის და პროგნოზირებს ქცევას, მოჰყვება მცდელობა, შეცვალოს ან აკონტროლოს ეს ქცევა. ამის მაგალითია კლასიკურ პირობითობაზე დაფუძნებული ინტერვენციები, როგორიცაა სისტემური დესენსიტიზაცია, რომელიც გამოიყენება შფოთვების, მათ შორის ფობიების სამკურნალოდ.
კრიტიკული შეფასება
კუჰნი (1962) ამტკიცებს, რომ კვლევითი სფერო შესაძლებელია რიცხებოდეს ნამდვილ მეცნიერებად, თუ მისი მიმდევრების დიდი ნაწილი იზიარებს საერთო პერსპექტივას ან პარადიგმას. კუჰნის აზრით, ფსიქოლოგია ჯერ კიდევ წინარეპარადიგმულ სტადიაზეა, მაშინ როცა სხვები მიიჩნევენ, რომ მან უკვე განვლო რამდენიმე მეცნიერული რევოლუცია (ვუნდტის სტრუქტურალიზმი ჩანაცვლდა ვოტსონის ბიჰევიორიზმით, რომელიც თავის მხრივ ინფორმაციული დამუშავების მიდგომამ ჩაანაცვლა). მთავარი საკითხი ისაა, შეიძლება თუ არა ფსიქოლოგიის მეცნიერებად ჩათვლა, თუ თავად ფსიქოლოგები ვერ თანხმდებიან, რა შეისწავლონ და როგორ შეისწავლონ.
ხშირად დასმული კითხვები
რამდენიმე ძირითადი ქვედარგი ფსიქოლოგიაში
ფსიქოლოგიის ძირითად მიმართულებებს მიეკუთვნება კლინიკური, განვითარების, სოციალური, კოგნიტური, ნეირომეცნიერული და საგანმანათლებლო ფსიქოლოგია. თითოეული მათგანი შეისწავლის სხვადასხვა საკითხს, როგორებიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობა, განვითარება, სოციალური ურთიერთქმედება, შემეცნებითი პროცესები, ტვინის ფუნქციონირება და სწავლის მექანიზმები.
რა განსხვავებაა ფსიქოლოგსა და ფსიქიატრს შორის?
ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ორივე მუშაობს მენტალური ჯანმრთელობის სფეროში, მაგრამ მათ აქვთ განსხვავებული განათლება და მიდგომა. ფსიქოლოგს, როგორც წესი, აქვს დოქტორის ხარისხი ფსიქოლოგიაში და იგი აწვდის თერაპიას, ატარებს კვლევას და აფასებს ფსიქოლოგიურ ტესტებს. ფსიქიატრი არის მედიცინის დოქტორი, რომელიც სპეციალიზდება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და შეუძლია მედიკამენტების დანიშვნა. ისინი, ხშირად, იმუშავებენ უფრო რთულ შემთხვევებთან ან ისეთებთან, რომელთაც მედიკამენტური მკურნალობა სჭირდებათ.
როგორ აგროვებენ და აანალიზებენ მონაცემებს ფსიქოლოგიაში?
ფსიქოლოგიური კვლევისას გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი, როგორებიცაა გამოკითხვები, დაკვირვება, ექსპერიმენტები და შემთხვევითი ანალიზები. მონაცემების ანალიზისთვის ხშირად მიმართავენ სტატისტიკურ მეთოდებს, რათა იპოვონ გარკვეული კანონზომიერებები და ურთიერთკავშირები. ზოგიერთი მკვლევარი ტვინის გამოსახულების ტექნიკებსაც მიმართავს, რათა შეისწავლოს ქცევის ნეირული საფუძველი. ეთიკური პრინციპები გათვალისწინებულია როგორც ადამიანთან, ისე ცხოველებთან ჩატარებულ ექსპერიმენტებში. კვლევების შედეგები, წესისამებრ, ქვეყნდება აკადემიურ ჟურნალებში, რათა განვითარდეს სფეროს ცოდნა.
როგორ გამოიყენება ფსიქოლოგია ყოველდღიურ ცხოვრებაში?
ფსიქოლოგიის ცოდნა შეიძლება დაგვეხმაროს ყოველდღიურ ცხოვრებაში, უკეთ გავაუმჯობესოთ კომუნიკაციის უნარები, ურთიერთობები და სტრესის მართვის შესაძლებლობები. იგი ასევე გამოიყენება უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად სკოლაში, ჯანდაცვაში, სამუშაო პროცესებსა და ზოგადად მენტალური ჯანმრთელობის გასაძლიერებლად. ფსიქოლოგიის პრინციპების ცოდნით შესაძლებელია უკეთ შევიცნოთ ადამიანები და გარემო, რაც ხელს უწყობს როგორც საკუთარი ცხოვრების, ისე სხვების ცხოვრების გაუმჯობესებას.
რა არის შებრუნებული ფსიქოლოგია?
შებრუნებული ფსიქოლოგია არის ზემოქმედების ტექნიკა, რომლის დროსაც ადამიანი აუწყებს სხვას, რომ გააკეთოს რაღაც საპირისპირო ქმედება ან ჰქონდეს საპირისპირო დამოკიდებულება, იმ იმედით, რომ მიიღებს საწინააღმდეგო რეაქციას. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის გზა, ვაიძულოთ პიროვნება გააკეთოს ის, რაც გვსურს, შევთავაზოთ კი საწინააღმდეგო იდეა.
სტატიის წყარო